ფოტოგრაფია #3

რა არის საჭირო, რომ იყო ფოტოგრაფი ?

კამერა ? 

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ უკვე აღარაა საჭირო ფოტოკამერა იმისათვის რომ იყო ფოტოგრაფი, არ ვსაუბრობ კარგსა და ცუდ კამერაზე, მსგავსი ცნებები, რაღა თქმა უნდა არსებობს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ სამყაროთაშორისი “შე-ჯიბრს” საზოგაოება აქტიურად იზიარებს. საკმარისია, და აქვს პრაქტიკა თანამედროვე ფოტოგრაფიას იმის, რომ უშუალოდ ღილაკზე თითის დაჭერით აღარ იწუხებენ თავს ფოტოგრაფები. საკმარისია წარმოიდგინო, დაალაგო, გაანაწილო კომპოზიციურად სცენა, კადრი და დაე ინჟინერ მათემატიკოსს ან მწყემსს დააჭერინე ღილაკზე თითი. ინტელექტუალური საკუთრება, იდეა უკვე დიდი ხანია რაც წინა პლანზეა წამოწეული ხელოვნების უამრავ დარგში, იმას ვგულისხმობ, რომ თუ გაქვს იდეა და ანხორციელებ მას, დგამ კადრად, სულ ერთია ვინ იღებს მას, ის შენი კადრია!

შესაბამისად თანამედროვე ფოტოგრაფმა შეიძლება სულაც არ იცოდეს როგორ იხმაროს ფოტოკამერა, მას არ სჭირდება ამ საკითხის პრაქტიკული მხარის ცოდნა, თეორია სრულიად საკმარისია, მაგრამ ამ დონეზე რომ მივიდეს ჩვენს გარშემო არსებული ფოტოგრაფების ბატალიონი, მინიმუმ კარგი შემფასებელი და ანაზღაურება სჭირდება.

მზარდი ამბიციების ფონზე, როდესაც კამერის ყიდვა და ფეისბუქ გვერდის გაკეთება ერთდროულად ხდება, როცა თითქმის არაფერი გადაგიღია და ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხარ, რომელიც განუსაზღვრელი ვადით რჩება იმავე ხარისხში, მისაღებია ! რადგან დედამ, ძმამ, ან შენმა ინჟინერ მექანიკოსმა მეგობარმა გითხრა რომ კარგად იღებ. კრიტიკისადმი მწვავე დამოკიდებულება რომ გვაქვს წარსულზე გადაყოლილ ქართველებს თვალსაჩინოა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ კრიტიკის არ მოსმენა და მიღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, უკვე გენეტიკურ რეგისტრშია აყვანილი, რაც უამრავი მიზეზითაა განპირობებული. ის რომ საკუთარი პროფესიით დასაქმება იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს და ყველა იმას აკეთებს რაც ხელში მოხვდება, ის რომ ვისაც მართლა ევალება გაკრიტიკება შვეიცარიასავით ნეიტრალურ პოზიციას იჭერს, ის რომ მოყვარისათვის პირში ზრახება უკვე დასაძრახი საქმეა, ის რომ და ეს რომ … მიზეზი ბევრია მართლაც, მაგრამ მათზე გაყოლა თემასაც მოგვწყვეტს და ხასიათსაც გაგვიფუჭებს, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მართლაც ძალიან ცუდადაა, იმედი მაინც არ უნდა დაიკარგოს.

იმედი კი ისაა, რომ ერთ დღეს ფოტოგრაფი თავის საქმეს გააკეთებს, კრიტიკოსი თავისას, ინჟინერი თავისას და ასე შემდეგ.

დავუბრუნდები კამერას. პირველ რიგში საერთოდ არაა საჭირო “პროფესიონალის” ქონა. ვიცნობ ბევრს ისეთს ვინც ტელეფონითაც შესანიშნავ კადრებს იღებს, ისეთებსაც ვისი კადრები, ფოტოშოპის გარეშეც მიმზიდველია. 

ქენონისა და ნიკონის არსებობა უკვე ას წელზე მეტს ითვლის, რა განსხვავებაა მათ შორის ? დასახელება და ფერი. სხვა დანარჩენი პირადი გემოვნების ამბავია! 

ციფრულისაგან განსხვავებით ფირის ფოტოგრაფია ბევრად მხრცოვანია და ძველი კამერები, რომლებიც კაპიკებში იყიდება ფირებისაგან განსხვავებით, ბევრად ხელმისაწვდომია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობას არ გააჩნია ავტო ფოკუსი თუ სხვა ავტომატური რეჟიმები, გიწევს გამოთვლა სინათლის სიჩქარის, გადაღების სისწრაფის, დიაფრაგმის ზომის და სხვა მრავალი მექანიკურად შესასრულებელი საქმის, გასაკვირი არაა, რომ უპირატესობას ციფრულს ანიჭებთ, მაგრამ რას აკეთებს ციფრული ? ჩემი აზრით სასწაულად აფუჭებს ხელსაც, თვალსაც, გემოვნებასაც, ესტეთიკასაც და სხვა მრავალ მნიშვნელოვან კომპონენტს როცა გაძლევს იმის ფუფუნებას რომ სიტყვაზე ვაშლის ხეს გადაუღო ათი ათასი ფოტო… ერთი მაინც ხომ იქნება კარგის პრინციპით. ფირიან აპარატზე ეს ფუფუნება არ გაქვს. 36 კადრი, შეზღუდული მოცემულობის აისო(ISO), “გადატენვის” ვალდებულება შემდეგი კადრის გადასაღებად, გადაღებული კადრის ნახვაც შეუძლებელია, უამრავი დროის და ქიმიური პროცესების გარეშე… მაგრამ როცა დგახარ ვაშლის ხესთან და გსურს სასურველად წამოაჩინო ის, როცა ასწორებ ყველა მონაცემს საკუთარი ხელით, როცა ეს პროცესი სიამოვნებას განიჭებს, როცა ასჯერ ზომავ გაჩხაკუნებამდე და როცა უყურებ, როგორ ჩნდება თეთრ ფოტოქაღალდზე შენს მიერ რამოდენიმე დღის ან თვის წინ გადაღებული კადრი ის უკვე თავისთავადაა ძვირფასი შენთვის, ის ერთადერთია და არა ის ერთი, ათი ათასიდან რომ შეარჩიე სხვა 9 999 მსგავსი კადრიდან. ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი დამოკიდებულება და აზრა, ფირიანსა და ცუფრულ ფოტოგრაფიაზე, რაღა თქმა უნდა ესეც პრიორიტეტებისა და გემოვნების ამბავია.

საბოლოო ჯამში, კამერას არანაირიად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისათვის რომ იყო ფოტოგრაფი.

Advertisements

ფოტოგრაფია #2

კეთილი, გავკადნიერდები…

რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგი ფოტოგრაფი იყო?!

პირველ რიგში ხარისხის ასამაღლებელი წინსართის მოშორება, რადგან ფოტოგრაფობა უკვე სტატუსია და სიმკვეთრისათვის არაფრისმთქმელი სიტყვების დამატება ვფიქრობ ზედმეტია.

განათლება!

რა თქმა უნდა განათლება, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ფოტოგრაფისათვის. ეს უკანასკნელი კი მრავალმხრივი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი დატვირთვა მაინც ცხოვრებისეულზე მოდის ამ კონტექსტში. როდის იქმნება კარგი ფოტო? როცა მეასიათასე სელფს ვიღებთ მაშინ ? თუ მაშინ როდესაც განსხვავებული მოვლენებით დახუნძლული დღის ბოლოს, ემოციური თავგადასავლების ვიზუალურ გამოხატულებას ქმნი ?! რა საკვირველია “ვისთვის როგორ?!”, მაგრამ მეორე ვარიანტი ბევრად ღრმაა, რაც არც ისე ამძიმებს ცხოვრებას როგორც ერთი შეხედვით ჩანს… არც განათლების მიღებაა მომწამვლელი ვირუსი და თამამად ვუწევ რეკომენდაციას, იმის გათვალისწინებუთ, რომ წამითაც არ ვფიქრობ მე ვინმეზე მეტი მაქვს მეთქი(ამ ნაწერის 80% ემოციურ ფუნდამენტზეა დაშენებული და ამიტომ უფრო). გასაგებად რომ ვთქვა ფოტო უნდა შედგებოდეს საკუთარი გამოცდილების, ემოციების, ფიქრების, დამოკიდებულებებისასაგან … ეს ერთი შეხედვით ზედაპირული და საკმაოდ ღრმა კომპონენტებიცაა… როდესაც გვინდა ამის დაფიქსირება მხოლოდ შემდეგ ვიწყებთ ფიქრს რაკურსზე, ფოკუსზე, განათებაზე, ფერზე, ფორმაზე და სხვა დეტალებზე… საკმაოდ მნიშვნელოვანი კი არ ნიშნავს აუცილებელს, ნაივურობა ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში საკმაოდ მისაღებია. ხშირად მოგვისმენია ალბათ, ან გაგვიცია, ბევრი არაფრისმთქმელი, მოკომპლიმენტო ფრაზა – “კარგი ხედვა გაქვს”. ვფიქრობ ამის სათქმელად საკუთარ თავს უფლება უნდა მივცეთ ხოლმე და ვიკითხოთ საკუთარ თავში რას აძლევს ეს შეფასება “კარგი ხედვის” მქონე ადამიანს ჩემგან ? ხომ არ ჯობია ვუთხრა რომ მის ფოტოში მომეწონა ფერი, ფორმა, რაკურსი, ფოკუსის სიღრმე, განათება, ის გოგო სულ ბოლოში რომ ჩანს და სხვა უფრო კონკრეტული დეტალები, ან საერთოდაც არაფერი ვუთხრათ იქამდე სანამ უკეთესს არ გადავიღებთ, შემდეგ კი ვაჩვენოთ საკუთარი დამოკიდებულებით დანახული კადრი, ამაში ხომ არავინ გვზღუდავს და გვბოჭავს საკუთარი თავის გარდა, ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კადრს ქმნი შენ და არა ლინზების,სხემების და პლატების სისტემა…

მხოლოდ განათლება ან ნაივურობა და კარგი ხედვის ქონა, რომ საკმარისი არაა ამ საკმაოდ მრავალ კომპონენტიანი ხელოვნების შესაქმნელად ალბათ მივხვდით უკვე…

იქნებ ამჟამად მაინც დაარღვიოთ მდუმარება და გამოთქვათ მოსაზრებები.

თქვენი აზრით რა არის კიდევ საჭირო, რომ იყო ფოტოგრაფი ?!

ღმერთმა კარადა დახურა

სასწაულის მოლოდინი, ისეთივე ამოუცნობი სულის ძახილია, როგორც კაცობრიობის ისტორია -დროში დაკარგული. სული კი ფიქრის წარსულია, აწმყოა !!! მომავალზე კი მხოლოდ ოპტიმისტები ლაპარაკობენ და რადგან ოპტიმიზმს მოკლებული ნამყო დრო , სულის განსხეულების საშუალებას არ გვაძლევს, ვრჩებით ისეთ გაურკვევლი ყოფიერების კონდიციაში , როგორზეც წარმოსახვასაც კი უჭირს გათამამება.

არის თუ არა მოლოდინი –  მოთმინების სინონიმი ამ შემთხვევაში , არ ვიცი , მაგრამ ერთი კია,დეზოქსირიბონულეინის მჟავის უცნობი კოდებივით არ იცით როდის დაგღლის – რატომ კითხვასავით,და როდის ამოგეწურება  თვალებში ანთებული ნაპერწკლებივით – შენში არსებული ღმერთი.

შეიძლება ითქვას რომ , მრავლადაა ისეთი მოვლენები , რგოროც ცალკე, ისე ერთობლიობაში მიბმულ ჯაჭვად , რომლეთა გამოისობითაც გვეწურება ნაპერწკლები და გვღლის – რატომ-ები ! ამ უტოლო ფერდებიანი სამკუთხედის თავში დგას ერთადერთი სწორუპოვრობით დაღლილი არსება – ადამინი.

სულის ძახილი კი, სწორუპოვართა შთაგონების ამოუხსნელი წყარო , გამოხატვის იარაღად სწორედ ადამიანს იყენებს და ამ ურთიერთდაპირისპირებული ორი მძლეთამძლის ჭიდილი – ღმერთისა და ადამიანის, მიუხედავად მისი ნათელი ისტორიისა , მუზეუმში ჩამოკიდებული სურათივით, მაინც ისეთი ბუნდოვანია, როგორც ამ სურათის შინაარსი, ანდა სკვერს შეფარებული , მარტოხელა მწეველი მოხუცის სულის სარკეები.

სარკეში კი იმას ვხედავთ ,რისი დანახვაც უმჯობესია კომფორტის ზონის არ დარღვევისათვის და მაინც , გაწელილ წუთებში რაღაც გვეჩვენება , თუმცა ეს ალბათ თავდაცვითი რეაქციაა ტავტოლოგიისაგან თავდასაღწევად , რადგან ილუზიებს ვქმნით , ილუზიური ილუზიებისათვის და სხვა ილუზიებით ვმხნევდებით. სხვა სიტყვებით კი უბრალოდ თავს ვიტყუებთ . ნამდვილად საშინლად ჟღერს როგორც წინადადება , ისე მისი გააზრებისას, გონებაში რეალობის დანახვაზე ჩართული SOS სიგნალის ხმა და რაც არ უნდა კრეაციონლისტულად ჟღერდეს – უკეთესი ტყუილით და ტყულისათვის ვცხოვრობთ, თუმცა ტყუილის ხარისხშიც მოვიკოჭლებთ და ამიტომ უსარგებლო რეალობა დეპრესიაში გვაგდებს.

გასუქებამდე, სახლში სანაგვის გახსნამდე ან ანტიდეპრესანტების დიდი დოზისთ თვითხელშეწყობილი გარდაცვალების მცდელობამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდით ,იქნებ თავს ისეთი კითხვა დაუსვათ ცოტა ხანს  კიდევ რომ გაცოცხლებს. მაგალითად : ხართ თუ არა მარტოოდენ შთენილი ამ სულხორცგონების დაავადების წინააღმდეგ ?  იმ შემთხვევაში თუ თქვენს გონებაში ეს კითხვა გაჩნდა , თქვენი თვითგადარჩენის ინსტიქტი ნარცისისტულ ჰუმანურობის საზღვარს არ სცდება , მაგრამ თუ ანტიდეპრესანტებში გადაყრილი ფული უმიზეზოდ გეჩვენებათ და სარდაფიდან თოკის ამოტანაც გეზარებათ , თანაც შენში არსებული ღმერთი საშუალებას არ გაძლევს დატკბე ბოძებული ნების თავისუფლებით და სიცოცხლისაკენ მოგიწოდებს , მიეცი ტვინის ნაოჭებს უფლება უფრო ცუდად გაგხადონ, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე უარესს ვერც კი წარმოიდგენდი. უბრალოდ თვალები გადაატრიალე , რადგან სარკე არ გშველის და გადაიხედე უკან, იმ უფსკულში, რასაც საკუთარი თავი ჰქვია.

 

იქნებ აზრის პრობლემატურობაც ამაში მდგომარეობს ?! ჩვენს თავზე წინ მივდივართ და ნარჩენები, რაც წინ მიმავალს შემოგვხვდება , უკან ვყრით, ჩვენს სხეულსა და ჩვენს სულს შორის – ივსება და ამ სივრცეს მიმზიდველს ხდის წინ მიმავალთათვის , ყველა, მსხვილმანი თუ წვრილმანი პრობლემების გადასაყრელად. თუმცა დაუფიქრებელი საქციელი ჩვენი ერთადერთი დანაშაული როდია…

ერთი აბზაცით რომ ვთქვა –  რა ღრუბლებში და რა ჩვენში არსებულმა ღმერთმა , გვიყურა, გვიყურა და შეეგუა ამ ფაქტს იმ იმედით , რომ ეს ნაგავი ჩვენვე შეგვაწუხებდა , მაგრამ მისი ხატნი და მსგავსნი, მასავით მომთმენნი აღმოჩნდნენ და ამ ნაგავმა ოლიმპოს მთამდეც ააღწია, ქარის წისქვილებიც გამოტენა, გუგულის ბუდეებიც ამოავსო და ძია ოტოს სატვირთოც ადგილს მიაჯჭვა. ამოცნობილი სულის ძახილის შედეგად, ქვეცნობიერი ტიტანების ერთობლივი  ძალისხმევით , გაუცნობიერებელი მოთხოვნილება დაკმაყოფილებულ იქნა და არსებული ნაგავი ერთ უზარმაზარ კარადაში აღმოჩნდა , თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა მომავლის მონაცემებით და მსგავსი კარადები რამოდენიმე შეიქმნა , რომლის შიგთავსმა , დღევანდელი მონაცემებით, ერთი პატარა ადგილი დაიკავა პანდორას ყუთის ფსკერზე.

 

 

ქალწული  პეპელა

 

ძალისხმევა ადამიანისა იმდენს მაინც ვერ შეძლებს , რამდენსაც ღმერთების მთელი ამალისა, ამიტომ ესე ნაგავი, გულმოდგინედ ნაგროვები , აქციეს პეპელად და სული უბოძეს მას, არათუ სამი დღით , არამედ იმდენად მარადიული, როგორზეც ღმერთებიც კი უარს ამბობენ.

სულის კომპლექტის დაშლა უზენაესსაც არ შეუძლია , ის ერთიანია და არც ფოტოები იპარავს მის ნაწილებს , არც სარკეები და ვერც ჰოკრუქსებში გადაანაწილებს ანწლის ჯოხით , გულმოდგინედ დანაწევრებულს , საკუთარ კოსმოსში დაკარგული სწორუპოვარი და ვინაიდან უზენაესმა ასე ინება, რომ იმედისათვის ფრთები – თავისუფლების, ქალწულობა – სისპეტაკის , სიჭრელე – მიმზიდველობის , ფორმა კი უსასრულობის ნიშნად მიეცა, ესე სულის კომპლექტად წოდებული , უფორმო, უზომო, უფერო და უსასრულო არადედამიწური სივრცე , რომლის ვერც კუთრ სითბოტევადობას და მასას გაზომავ, მოაქციეს იმაში , რაც ღმერთებს ერგოთ ადამიანებისაგან.

მას მერე , რაც ჰეფესტოს ქმნილებამ და ღმერთებისაგან მრავალნიჭბოძებულმა პანდორამ მისი ყუთი ხელმეორედ გახსნა, ყვეაფერი მხოლოდ ბალანსზეა დამოკიდებული და ისტორიაც დღევანდელობამდე საეჭვო მიზეზშედეგობრივი ომებით დაიხუნძლა, გამცემ-მოღალატეების მთელი ამალა იქნა გამოწრთობილი, მამების, შვილების და ძმების შემმუსვრელები , ტრაგედიების უშრეტ წყაროდ იქცა და მაინც , რა ჩვენში და რა ჩვენს გარეთ არსებული პეპელა გვარწმუნებს, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს, იმ შემთხვევაშიც კი , თუ ბოროტება სამ კაცს მოკლავს,სიკეთე ხუთს მოუღებს ბოლოს და ასე სიმწარ-სიამე გაზავებული სასმელით გაბრუებულები გავცქერით სასწორის შუიდან, ორივე პინას, რომლის ერთ მხარეს პეპლაა ჩამომჯდარი და მისი ყოფნა არ ყოფნა , ნამდვილად საკითხავია .

ამ ფაქტის აშკარა დადასტურების შეცნობამდე და ინსტიქტებში დალექვამდე , სავარაუდო რელაობა(თუმცა ვინ იცის) , ცოტას თუ წამოსცდენია ფიქრებში და ისიც მაშინვე სანაგვეზე მოუსროლია, რა შინაგანი და გარე სამყაროს ბალანსის არ დარღვევისათვის.

 

 

 

ნამდვილი  ადამიანები.

 

წარმოიდგინეთ ცოტა ხნით მაინც და ნუ მოისვრით ამ წარმოდგენას სანაგვეში , რომ ღმერთს ჯადოსნური კარადა აქვს და იქიდან არათუ ჭმუნვა და უბედურება გამოდის, არამედ პირიქით: ბედნიერება , ანთებული ნაპერწკები თვალებისათვის და ათასნაირი კეთილისმოქმედი , რადგან ბალანსი რისი ბალანსი იქნებოდა , ყველა შხამს თვისი ანტიდოტი, რომ არ ჰქონდეს და ამ ჯადოსნური კარადიდან , ადამიანები , ყოველ წუთს თუ არა, საათში ერთხელ მაინც ითხოვენ მის შიგთავსს და მისი ზემოქმედების დოზა , სულ უფრო კლებულობს, როგორც მწუხარებისა, რაც მეტი გაქვს, მით უფრო ეჩვევი.

თუ ჯერ კიდევ არ მოგისროლიათ ის ფიქრი სანაგვეში, ესეც წარმოიგინეთ , რომ ღმერთმა კარადა დახურა და ჭმუნვანაჩვევ  ამბიციურ  სულს  აღარაფერი ახსოვს იმ ბედნიერებისა, რომლიც ერთ წამზე მეტ ხანს გრძელდება და რაღაა ამის შემდეგ საკითხავი , ან გასაკვირველი. იქნებ სწორედ ამ ილუზიის სიძველიდან გამომდინარე , აღარ გვიკვირს ის, რაც არ ვიცით, ან კიდევ იმიტომ, რომ , გასაკვირველი საქმის გასაკეთებლად, დროის მთელი რემაა საჭირო, გაკვირვება კი ხან ერთ წამს გრძელდება, ხანაც კი სულაც ისე ჩაგვივლის, არცერთი მოძრავი ნაკვთი არ გაგვიტოკდება სხეულზე, ან იქნებ იმიტომაც, რომ ცაში კარადადაგულებულებს , კისრის შვიდივე მალა ერთ მთლიან ძვლად გადაგვექცა , ცაში ყურებისაგან , პირდაღებული , სასწაულს რომ მოველით და ესეც მხოლოდ იმიტომ რომ იმედის, ქალწული პეპლის  ფრთების სავსავი  მკაფიოდ ჩაგვესმის  და სხეულზე მაღალი სულებით სწორ-უპოვრები ვხდებით.

ამ კონდიციამდე მისვლა, საკმაოდ მარტივია და უმეტესწილად ინსტიქტური : დე-ენ-ემ ის  უცნობი კოდებით, სხეულს და სულს შორის გახსნილი სანაგვეებით , ამ ნაგავისაგან შექმნილი, იმედის – იმედად ყოფნით, აზროვნებისა და ქცევის შეუთავსებლობით, ელემენტარული დევიაციიდან დაწყებული , ღრმა სულიერი სიცივით დამთავრებული  და ეს მხოლოდ მაშინ , როდესაც წარსულს გაკიდებული, მომავლისაკენ მომზირალი სწორუპოვრები , დასაკვეხნი გონიერების სტადიაში გადავდივართ და რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს პასუხი კითხვაზე, თუ ვის წინაშე ვიკვეხნით ყოველივეს, ამდნეადვე სავალალო იქნება , წიხლის დაჭერით გამოდენილი ფიქრის რამოდენიმე წვეთი. ჭეშმარიტებას კი სულაც არ აღელვებს , რომ მას ვინმე არ აღიარებს, და თუმცა ნათქვამია ბრძენთაგან(თუმცა ვინ იცის) , რომ ვინც სულელია და აღიარა, რომ სულელია, მან თავიც დააღწია მას-ო, მაინც , ეს და სხვა დანარჩენი, სათითაოდ და ერთიანობაში, ისეთივე დოზითაა ინდივიდუალური, რამდენიც ენდორფინებია სიყვარულში.

შეგრძნებების ნიაღვრებიც სადღაც გაქრა და ახლა ერთი-ორი გზააბნეული წვეთი თუ გამოჟონავს ნესტიანი მიწიდან, რომელიც უკვე ჭაობის სუნად ყარს . ალბათ, ერთბაშად, ყველანი გამოვედით ბავშვობის ასაკიდან და იმ ყეყეჩურ ასაკში ვართ , სახეზე მუწუკებით დაწყებული, ტროტუარზე შენს წინ მიმავალი, უეცრად გაჩერებული ადამინით გაგრძელებული და ვინ იცის კიდევ , რითი დამთავრებული , ყველაფერი რომ გვაღიზიანებს და ასე დაწვრილმანებულ პრობლემებამდე მისული, დრო იმაზე სწრაფად გადის, ვიდრე ოდესმე და ქალწული პეპელაც კეფის თხემიდან , ცხვირის კიდემდე არსებულ სივრცეს მთლიანად იპყრობს. მაშინ კი მხოლოდ მისი ფრთების ქნევის  ყრუ ხმა ჩაგვესმის  , ჩვეულებრივზე სწრაფად მიმავალი დროის განმავლობაში და ფიქრი იმაზე თუ რა შეგვეძლო, უტყვი ფაქტის წინააღმდეგ, თუ რა გავაკეთეთ დროში და სივრცეში, გვაქვავებს, თუმცა მიუხედავად ყოველივესი, ერთი წამი – ერთ წამს უდრის, ერთი წუთი – ერთ წუთს და საათი – საათს .

დროის ინსტიქტური გამოვლინებებით, არ არსებობს უკეთესი და უარესი ადამიანები, არსებობს უკეთესი და უარესი გადაწყვეტილებები, რაც როგორც წესი განსაზღვრავს ხოლმე ადამიანს . მთავარი ბევრი რამაა ცხოვრებაში და ერთ-ერთი ისაა, სწორად განვსაზღვროთ ჰაროლდ კრიკივით , კომედიის პერსონაჟები ვართ თუ ტრაგედიის, თუ სულაც იმ აზრამდე მივიდეთ , რომ თავად ვართ ამ სპექტაკლის რეჟისორები და ამის მიხედვით სწორი პრიორიტეტებისაკენ ვაფრინოთ ჩვენი პეპელა.

ცნებებად ქცეული მცნებები და ნამდვილ ადამიანთა(თუმცა ვინ იცის?!) კვალს გაკიდებულ ანთროპოლოგთა, ფილოსოფოსთა და უბრალოდ მიწის მთხრელთა პატარ-პატარა ტომები, მუშა ჭიანჭველებს  რომ გვაგონებს შიგადაშიგ. ნამდვილ ადამიანს კი თავისუფლად უპოვნი ერთ საერთოს მაინც ფლორისა და ფაუნის, მრავალრიცხოვან წარმომადგენლებში და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს , ნამდვილი ადამიანისათვის გონებაა უპირატესი ძალა, მიმართულების მიმცემი, ინსტიქტურ დონეზე კი ფლორა-ფაუნაში აზელილი 46 ქრომოსომა, იმაზე მეტად გვამსგავსებს ცხოველს, ვიდრე წარმოგვიდგენია ხოლმე, მაგრამ უცნობი და მაინც , რაღაც ძალიან მშობლიური ძალით , საკუთარი თავისათვის გამოწერილი , დამსახურებული სიზარმაცე და კონფორტის ზონების , თვალუწვდნელი გალავნები , მხოლოდ იმისი დანახვის უფლებას გვაძლევს , რაც , მომრგვალებულთავიანი გალავნის დასარულს მოსჩანს.

თავში კითხვებამტყდარი მეწყერის საწინააღმდეგოდ კი მარტივი იარაღი არსებობს : მოვრჩეთ ცაში ყურებას და ბედნიერება  დედამიწაზე ვეძებოთ, რადგან ღმერთმა კარადა დახურა და ქალწულ პეპელასაც დაეღალა ფრთები.

რეზო შატაკიშვილი მარადუკვდავ პეტრე ოცხელზე

რეზო შატაკიშვილის ბლოგი

პეტრე ოცხელი – ვუნდერკინდი ხელოვნებაში.
სცენოგრაფი რომელიც დღესაც გნუსხავს თავის ხელოვნებით – “ურიელ აკოსტას” ლაკონური დეკორაციით, ნატიფი კოსტიუმებით – ერთად რომ ქმნიან მარადუკვდავ ცოცხალ ტილოს.
გნუსხავს და გაოგნებს – რადგან ეს საოცარი სამყარო შექმნილია 22 წლის ბიჭის მიერ… ის 30 წლისა გამოასალმეს წუთისოფელს, მაგრამ გენიები არ კვდებიან. მას არ აცალეს, მაგრამ მან შექმნა ეპოქა არათუ სცენოგრაფიაში, საერთოდ ქართულ კულტურაში.
კვდებიან ჯალათები, სისხლისმსმელები. ჯალათები თავის ნაშიერთაც აღარ ახსოვთ, გენიები კი რჩებიან ერს, კაცობრიობას.

ის არ ძველდება, დრო გადის და ოცხელის შემოქმედება უფრო და უფრო თანამედროვე ხდება – ეს სცნოგრაფიის სპეციალისტთა აზრია.

პეტრე ოცხელი კონსტრუქტივიზმის მიმდევარი იყო მაშინ, როცა ეს მიმდინარეობა საბჭოეთში ფორმალიზმად გამოაცხადეს და ჩაკლეს. მაგრამ ოცხელი თეატრის მხატვარი იყო და მხოლოდ გამფორმებლად “აღიქმებოდა”, ფონის შექმნელად და მეტი თავისუფლება ჰქონდა. მაგრამ ის ფონს კი არა, აბსტრაქტულ-კონსტრუქტივისტული ფორმებით, იმ მეტა-ფიზიკურ გარემოს ქმნიდა, რომელიც მსახიობებს კარნახობდა ქმედების, ჟესტიკულაციის და მეტყველების სტილს.

მას იერსახეები აჰყავდა მარადიულ სიმბოლებამდე, იყო ფორმის და სივრცის განზოგადების დიდოსტატი.

“დავით…

View original post 722 more words

“ქრისტიანი რობოტი”

არ ვიცი … მხოლოდ სათაურია და იქნებ მითხრათ თქვენ რას ფიქრობთ ამ სავსებით შესაძლებელი ფაქტის ილუზიაზე ? 🙂 🙂 

კითხვის ხელა პასუხი

–        დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას. . . – შეშინებული, თითქმის უემოციო, შუშის თვალებით აწყნარებდა „ცნობისმოყვარე“ , ორმეტრიან, ნახევრად ჩაცმულ, ექვსკიდურიან მარსის მცხოვრებლებს.

ყოველივე მას შემდეგ დაიწყო, რაც დანიშნულების ადგილისაკენ მიმავალმა, ცალხელა, რკინის ჭანჭიკებისა და მავთულებისაგან აწყობილმა ქურიოზითიმ , ერთ-ერთი მდინარის გადალახვისას , სასმელი წყალი დაუბინძურა, შარპის მთაზე შეფენილ, სოფელ აკის მცხოვრებლებს.

–        დამშვიდდით, მე თუ რამეს დამიშავებთ, დედამიწაზე თქვენს არსებობას დაადასტურებთ.

–        ეს არ მოხდება! ჩვენთან ხომ ყველაფერი უხილავია, ხალხი, ბუნება, მდინარეები, სოფლები და ქალაქებიც კი . . .

დაპროგრამებული ქურიოზითი, ტაატით მიიკვლევდა გზას გეილის კრატერისაკენ და ოთხი მილიარდი წლის წინანდელ ქანებს , ბორბლებს ქვეშ თელავდა. მღელვარება კი არ ცხრებოდა . ქურიოზითს მისი თანამოძმე მკვლევარები გაახსენდა „სპირიტი“ და „სოჯოურნერი“, რომლებიც უკვალოდ შთანთქა მარსმა.

უხილავი მდინარის გადალახვას თითქმის ორი კვირა დასჭირდა. ამის შემდეგ მღელვარება დაცხრა. ხალხი დაიშალა. ქურიოზითიმ კი სრულ სიმარტოვეში  განაგრძო შავწითელი მიწის ბურღვა. მუშაობის დროს მისი დამოუკიდებელი აზროვნების ჩიპში მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა , რომელიც ერთმა კაბიანმა მოკვდავმა დაუტოვა მის, სიუცნობისკენ მიმავალ, დედამიწელ შთამომავლობას : „არ არსებობს უცხო მიწა, მხოლოდ მოგზაური შეიძლება იყოს უცხო.“

დამბადებელმა უწყის, კიდევ რას უმზადებდა უცხო მოგზაურს , დედამიწური კითხვების , უფანტაზიობით გამყარებული დროებითი მიზეზი – მარსი.Image

fარენჰაიტამდე

თავი I

  აღმოსავლეთის მზე დასავლეთს ეფარებოდა, როდესაც ძვირფასი ბიბლიოთეკარი ელონ  სპირი  სახლისკენ  მიმავალ გზას დასდგომოდა და უხმუროდ მიაბიჯებდა  ცხელ ტრორუარზე. თავი დაბლა დაეხარა და თავისივე თითქმის გამქრალ ჩრდილს ჩაფიქრებული დაჰყურებდა.

სრულყოფილი მარტოხელას გამომეტყველებით მრავალი წლის განმავლობაში გადიოდა გზას , ბიბლიოთეკიდან სახლამდე და უკან, თეთრწვერა, ოდნავ წელში მოხრილი , ენრგიული მოხუცი.

ნახევარ საუკუნეს ახლად გადაცილებული ელონი, უკანასკნელი ორი ათეული წელი ბიბლიოთეკას შეხორცებოდა და მისით ცხოვრობდა . დილიდან მზის ჩასვლამდე წიგნების უკიდეგანობაში ეშვებოდა და ყოველი დღე კიდევ და კიდევ უფრო საამური ხდებოდა.

სახლი, ქალაქის შორიახლოს, კოხტა, ძველებური წითელი ჭერით, თეთრი გაუმჭვირვალი ფარდებით, აბანოზის ხისგან მჭიდროდ ნაშენი , მალევე გამოჩნდებოდა, როგორც კი რეაქტიული მანქანებისათვის , დაკიდებული ხიდის ასაშენებლად წამომართულ ხარაჩოებს გასცდებოდა. ამ დროს სახეზე მოუთმენლობა გამოესახებოდა ხოლმე და ფეხს კიდევ უჩქარებდა. გასაღები ყრუდ გაჩხაკუნდებოდა და ბიბლიოთეკარიც მთელი თავისი მოუთმენლობით, მშვიდად შეაბიჯებდა ხოლმე სახლში.

ელონი მზის ამოსვლამდე არასოდეს მიდიოდა სამსახურში . მზე პირდაპირ ზურგზე უყურებდა და გაწელილი ჩრდილებიც , ყოველთვის მის წინ იყვნენ გაწოლილი.

ხშირად ხედავდნენ თუ როგორ ელაპარაკებოდა , იდუმალი ბიბლიოთეკარი საკუთარ თავს , ამიტომ ჭორები, ბიბლიოთეკარის „განყოფილებაში“ ყოველთვის მარაგდებოდა სიახლეებით.

დროთა განმავლობაში ხალხი შეეჩვია ამ უცნაურობას და ყურადღებასაც არავინ აქცევდა . ერთ უღრუბლო საღამოს როდესაც ელონი მხიარულად მოაბიჯებდა გრილ ტროტუარზე და მხიარული დიალოგი გაემართა მასა და საკუთარ თავს შორის , პატარა ბიჭუნამ , რომელიც სათამაშო სახანძრო მანქანას ასეირნებდა სახლის წინ , გაიგონა ელონის საუბარი , თუმცა მის გარდა არავინ მოდიოდა სხვა სულიერი, თამაში შეწყვიტა და ელონს ისე დაუწყო თვალიერება, როგორც „ქურიოზითი“ ათვალიერებს მარსს.  ელონმა იგრძნო , რომ უზომო ცნობისმოყვარეობით მიშტერებოდა ვიღაც და მის ყველა ნაკვთს საგულდაგულოდ ათვალიერებდნენ, ამიტომ ბიჭუნა მანაც შორიდანვე შენიშნა, როდესაც მიუახლოვდა შეჩერდა, შეათვალიერა პატარა ცნობისმოყვარე და შემდეგ სახელი ჰკითხა. სანდომინი სახით ჩაჰკირკიტებდა ელონი ბიჭუნას და სახიდან ღიმილს არ იშორებდა, მაგრამ კითხვის გამეორება მაინც მოუწია რადგან ბიჭუნას მზერაში ოდნავი უნდობლობა იკითხებოდა.

–         გაი მქვია მისტერ. _ელონი მუხლებში მოიკეცა და ბიჭუნას სიმაღლე გახდა.

–         მაშ გაი არა ?! _ბიჭუნამ თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად. – მე ელონი ვარ. _ამ სიტყვებზე ელონმა ხელი გაუწოდა ბიჭუნას, გაიმაც დიდივით ჩამოართვა ხელი .

–         სასიამოვნოა მისტერ ელონ. _ ელონი არ ელოდა ასეთ სითამამეს ბიჭისგან და გულწრფელად გაეცინა .

–         ჩემთვისაც, ჩემთვისაც ბატონო გაი .

რამოდენიმე უთქმელი წუთის შემდეგ ელონმა წასვლა დააპირა და წელში გაიმართა კიდეც, მაგრამ გაიმ მისი ხაკისფერი კოსტუმის კიდეს, ხელით მოქაჩა.

–         გისმენთ ბატონო გაი. _ისევ ღიმილით ჰკითხა ელონმა.

–         წეღან გზაში … _ ერთი წამით თავი დახარა გაიმ , თითქოს საჭირო სიტყვებს და გამბედაობას  ეძებდა საკუთარ თავში, შემდეგ მზერა ისევ ელონის, მუდმივად მომღიმარ სახეს დაუბრუნა და განაგრძო – ვის ელაპარაკებოდით მისტერ ელონ ?

–         როგორ თუ ვის ? _ ჩვეული სახით დაუბრუნა კითხვა ბიბლიოთეკარმა. – ჩემი დიდი ხნის მეგობარს.

გაი ცოტა ხნით ისევ ჩაფიქრდა და მერე ისევ ჰკითხა.

–          მეც გამაცნობთ მისტერ ელონ ?

–         რა საკვირველია, თუმცა მალე მზე ჩავა და მასაც ისვე სწარაფად წაიღებს სიბნელე როგორც ჩვენს ფიქრებს. – ბიჭუნას მზერაში იმედგაცრუება იკითხებოდა და ელონიც შეაწუხა ამან , ამიტომ განაგრძო :

–         თუ მზის ამოსვლისას აქ დამხვდები , გაგაცნობ ჩემს „თანამგზავრს“ და ბიბლიოთეკის ბინადრებსაც წარვუდგენ შენს თავს. – გაი წინანდელზე მეტად მოიღუშა და მოუთმელობით აღასავსე მზრა ისევ ელონს მიაშტარა :

–         ხვალ სკოლაში მივდივარ მისტერ ელონ ! – ერთი წამით ორივენი დადუმდნენ ,  მაგრამ ბიჭუნას მალავე გაახსენდა რაღაც და მხიარულად განაგრძო:  – თუმცა , მალე არდადაგები დამეწყება და აი მაშინ კი გავიცნობ თქვენს „თანამგზავრს“ და ბიბლიოთეკის ბინადრებსაც.

ორივე კარგ ხასიათზე დადგა, ერთმანეთს უღიმოდნენ და მხიარულადაც დაემშვიდობნენ , მაგრამ ელონმა წამოსვლისას შეამჩნია , რომ ბიჭუნას ჩრდილი არ ჰქონდა და სახლამდე ამაზე ფიქრში გახლართული მივიდა.

თავი II

     გასაღების ყრუ ხმაურმა დაუბრუნა ამ სამყაროს, ნანახით შეშფოთებული ელონი. სახლის კარამდე მისულიყო, გასაღებიც ინსტიქტურად მოეგო საკეტისათვის. სახლში ცივად შეაბიჯა, კარი არც ჩაუკეტავს , სავარძლამდე მიაღწია და ზამბარებიან ფიქრებში მოწყვეტით ჩაეშვა.

მისი მზერა, პირადაპირ, ხის დაბალ მაგიდაზე მდგარ ბრენდის ბოთლს შენატროდა. გრძობდა როგორ უშრებოდა ყელი . იმდენად არ უნდოდა ფიქრის შეწყვეტა რამდენადაც ბრენდის ერთი ყლუპით , გამხმარი ყელის დალბობა. წამით მზერაც მოაშორა, მაგრამ მაინც ვერ მოწყდა სურვილს. სავარძლიდან ოდნავ გადმოიხარა. თითის მსუბუქი მოძრაობით , კორპის საცობმა ჰაერში გაინავარდა და მაგიდის ფეხთან უხმაუროდ მიგორდა. სითბოშეპარული ბრენდი ღვთიური მანანასავით გარდაისახა ყინულებიან ჭიქაში.  ელონი საწყის პოზას დაუბრუნდა . ღრმად ამოისუნთქა, ფილტვების სიღრმეებიდან ბოლქვებად ამოაყოლა ფიქრები და ბრენდის ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა. ჟრუანტელნარევი სითბოთი მალევე გაიჟღინთა და ცარიელი ჭიქა შეავსო, შეუმჩნეველი  სიხარბით შეისუნთქა არომატი .  ბრენდიმ მთელს სხეულში დაისადგურა, მოგვიანებით კი პატარა ყლუპი მოსვა და ბოთლი , სავარძლის გვერდით ხელმისაწვდომ ადგილას მიიცურა.

ელონმა აღმოაჩინა , რომ მომავალივით ახსოვდა მისი პირველი დღე ბიბლიოთეკაში. დღეები როდესაც მიხვდა , რომ ნახევარი ცხოვრება სიბნელეში გაეტარებინა. დრო როდესაც წიგნის სურნელმა ბრენდისავით დაუარა სხეულში და მას მერე თავრეტდასხმული დაიარებოდა ამა ქვეყანასა ზედა.

ფიქრებმა ღიმილი მოჰგვარა ელონს. კარგად იცოდა დიდ ხანს თავს ვერ დააღწევდა მათ, ამიტომ კიდევ ერთი  ყლუპი მოპარა ბრენდით სავსე ჭიქას.

***

      უმუშევრობით და უსაქმურობით დაღლილი ელონი დიდ ხანს დაეძებდა , ბუღალტრის შესაფერის სამსახურს, მაგრამ ამაოდ. ერთ დღესაც წააწყდა განცხადებას ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე, რომელიც უფრო ბედისწერის მოტანილს ჰგავდა ვიდრე ძიების შედეგს: საღამოს, სახლიდან , ერთფეროვნების მოსაკლავად გამოსული ელონი, დაცარიელებულ ტროტუარზე მისეირნობდა. უცებ ქარი ამოვარდა. ფეხებში გაზეთის ამოხეული გვერდი გაებლანდა და აღარ შორდებოდა. შეწუხებულმა ელონმა გადაწყვიტა ხელით მოეცილებინა უცნაური გაზეთის ნაგლეჯი და მისწვდა კიდეც, მაგრამ ამ დროს მსხვილი ასოებით გაკეთებული წარწერა შეამჩნია : „ განცხადებების გვერდი“. დაინტერესებულმა ელონმა ფურცელი შეათვალიერა,” Galaxy Science Fiction „-ის 1951 წლის 5 თებერვლის გამოცემა იყო.

ელონი განცხადებების გვერდს მიუბრუნდა და გულდასმით ჩაიკითხა. თვალში ერთი, განსხვავებული შრიფტით აკრეფილი განცხადება მოხვდა , რომელშიც მოწიწებით ითხოვდნენ ბიბლიოთეკარს და საკმაოდ კარგ ანაზღაურებასაც ჰპირდებოდნენ. სანამ ელონი ამ განცხადებას კითხულობდა ქარი ჩადგა, თუმცა ეს მას არც შეუმჩნევია რადგან უკვე გადაეწყვიტა , ბიბლიოთეკარის მარტივი სამსახურით ეშოვნა ფული. გაზეთის გვერდს ეს განცხადება მოახია და მხიარულად ჩაიკეცა ჯიბეში.

მუქ ჭაობისფერ კოსტუმში გამოწყობილი ელონი, მეორე დღესვე მივიდა განცხადებაში მითითებულ მისამრთზე. მისდა გასახარად, მკრთლად განათებულ ფოიეში , არცერთი კონკურენტი არ ჩანდა. თითქოს სიჩუმე სუფევდა, განსაკუთრებული და ჯერ არ გაგონილი, თუმცა შორიდან მოისმოდა, ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის სიარულის ხმა, რომელიც ცოტა ხანში კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა და რამოდენიმე წუთში გამოჩნდა კიდეც მაღალ ქუსლებზე ამხედრებული , მოხდენილი ქერა ქალბატონი, რომელიც აუღელვებლად მიიწევდა ელონისაკენ.

–         მოგესალმებით მისტერ ელონ. იდუმალებაშეფარული სახით და სანდომიანი ღიმილით მიესალმა უცნობი ქალბატონი და საპასუხო მისალმებას დაელოდა, თუმცა ელონი გარემოს დაეთრგუნა და ამ მოულოდნელმა მისალმებამაც საბოლოოდ დაუკარგა საუბრის სურვილი, მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი.

–         წამობრძანდით, გელოდებიან. – კვლავ ღიმილით მიუგო ქალმა და იმ წამსვე აქცია ზურგი დაზაფრულ ელონს.

ვინ ელოდებოდა , ან რატომ არ იყო არავინ დერეფანში მის გარდა ბიბლიოთეკარის კანდიდატობის მსურველი. მხოლოდ ახლა მთელი სიშლეგით მოაწვა ელონს კითხვები , მაგრამ ქალს მაინც გაჰყვა რადგან ამ კითხვებს ცუდი წინათგრძნობა არ მოუტანია მისთვის. ქალის იდუმალმა ღიმილმა ნდობით განაწყო ელონი და წინ მიმავალ ქალს ჩუმი ნაბიჯებით აედევნა.

მათ ხმის ამოუღებლად გაიარეს თეთრად განათებული დერეფანი, მხოლოდ ფეხსაცმლის მონოტონური ხმა აცოცხლებდა კედლებს. კიდევ რამოდენიმე ასეთი დერეფანი და ამ თეთრ უსივრცობაში გამოჩნდა შავი წერტილი, რომელსაც სწრაფად უახლოვდებოდნენ და რომელიც სისხლის ფერსა და კარის ფორმას ნელნელა იძენდა.

მაღალ ქუსლებზე ამხედრებული  ქალი , როგორც კი კარს მიუახლოვდა , შეჩერდა. მკვეთრი მსუბუქი მოძრაობით ზურგი აქცია მას და ელონს თვალი თვალში გაუყარა. მას ამ დრომდე უკან არც კი მოუხედავს, იმის გასარკვევად ელონი მოჰყვებოდა თუ არა მას, მითუმეტეს დერეფანში მხოლოდ მისი ფეხსაცმელების ხმა ისმოდა. ელონიც შეჩერდა და თვალი არ მოუცილებია მისთვის, თითქოს მის კითხვებზე პასუხს დაეძებდა იქ. ქალმა ხმის ამოუღებლად გაუხსნა კარები და ელონს იქდან გამოსულმა სიბნელემ თვალი წაართვა.

–         მიბრძანდით ! -გაუღიმა ქალმა.

ელონმა რამოდენიმე გაუბედავი ნაბიჯი გადადგა და მის ზურგს უკან , კარის დახურვის ყრუ ხმა გაისმა, თუმცა მიხედვაც ვერ მოასწრო, რომ სიბნელეში ნათელი იქმნა და თვალწინ პატარა მყუდრო ოთახი გადაეშალა , მთელი თავისი მშვენიერებით: თეთრი გაუმჭვირვალი ფარდები ფარავდა სარკმლებს, დაბალ , ხის მაგიდასთან მდგარი ორი სავარძელი და თაროები, წიგნებით სავსე. პატარა, ქვისგან კარგად ნაგები ბუხარი , მის თავზე ორი მწვანე სანათი ეკიდა, კედლები კი აბანოზის ხისგან მჭიდროდ ნაშენი, სქლადწასმული ლაკისგან პრიალებდა.

ელონს სახეზე, ნოსტალგიანერევი ღიმილი გაუკრთა, ბრენდის ჭიქაში გამდნარი ყინული შეანჯღრია. ოთახს თვალი მიმოავლო: სქლადგალაკულ კედლებს, წიგნების თაროებს, ქვის ბუხარს, ორ სანათს მის თავზე და ბოლოს ხის მაგიდას , რომელზეც ბრენდის თავმოხდილი ბოთლი იდგა, ჭიქაში ყინული დაამატა, ერთი ყლუპი მოსვა და ფიქრი განაგრძო.

გარეთ შემოდგომა იწურებოდა და ზამთრის სუსხნარევი ნიავი ფანჯრებს ეხეთქებოდა. საღამო ჟამს დაესადგურებინა კედლებს მიღმა, ოთახშიც არავინ ჩანდა . ერთ ადგილას გაქვავებულმა ელონმა სიცივე იგრძნო და ანთებული ბუხრისაკენ მსუბუქი, თითქმის გადაუდგმელი ნაბიჯებით დაიწყო სიარული, ცოტა ხანში სითბოს ჟრუანტელმა შეახურა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი , მანამდე უცნობ ოთახს, რომელის საკმაოდ მშობლიურად ეჩვენა და გაიფიქრა : „ აქ სიამოვნებით ვიცხოვრებდი“.

–         ვფიქრობ თქვენ აქ მოგეწონებათ მისტერ ელონ. – გაისმა ქალის ხმა სამზარეულოდან. ორი ფინჯანით და ნაცნობი სახით , სამზარეულოს კარის ზღურბლე გამოჩნდა მისი გამცილებელი, ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით.

–         ჩაის ხომ მიირთმევთ? ზუსტად ისეთია ქვენ რომ მოგწონთ, ჟოლოს მუქი ფერით და ორი შაქრის ნატეხით. – ლაპარაკობდა ქალი და თან დაბალი ხის მაგიდასთან მდგარი ერთ-ერთი სავარძლისაკენ მიიწევდა ჰაეროვნად. იასამნისფერი კაბა, მუხელებამდე ფარავდა მის ლამაზ ფეხებს, რომლებიც ელონმა ახლახანს შეამჩნია. ძველ ბერძნული ორნამენტებით გაფორმებული , ქიშმირით ნაქსოვი მოსასხამი მოეცვა, ცეცხლივით ელვარე, გრძელი წითელი თმები, სიარულისას თითქოს მოსახამის ორნამენტებში იხლართებოდნენ. ქალი სავარძელში მოკალათდა და ელონს, ისე რომ ლაპარაკი არ შეუწყვეტია, მის წინ მდგარი სავარძლისაკენ ხელით ანიშნა.

–         დაბრძანდით, ჩაი გაცივდება. – ელონი ჩამოჯდა, უხერხულად გრძნობდა თავს თუმცა საყვარელი ჩაის სურნელმა რეცეპტორებს შტორმივით გადაურა და ტვინში მისულმა სიგნალმა, ხელს უბრძანა ფინჯანი პირთან მიეტანა. ნეტარების და გამბედაობის პირველი ყლუპის შემდეგ , ელონმა კიდვ ერთხელ შეათვალიერა მის წინ მჯდომი ქალბატონი.

–         მაშ ბიბლიოთეკარი არა ?!

–         დიახ თუმცა , არა უბრალო.

–         მე რითი ვარ განსაკუთრებული ?! რატომ მე ?!

–         ნამდვილად არაფრით მისტერ ელონ, ადამიანებს ჰგონიათ რომ განსაკუთრებულობაა მიუწვდომელია. თქვენ ჩვეულებრივი უმუშევარი ბუღალტერი ბრძანდებით.-ქალმა ამ დროს პატარა საქაღალდე ამოაძვრინა სავარძლის გვერდითა ჯიბიდან, წამიერი ღიმილნარევი მზერა შეავლო ელონის გაკვირვებულ სახეს და განაგრძო. – სკოლაში კარგად სწავლობდით, გიყვარდათ კითხვა და თქვენს სამაგიდო წიგნებს ყოველთვის ედო ძველი და ახალი ევროპელების ფილოსოფოსთა მტვერი, სწორედ ამ ფიქირების მტვერით სუნთქავდით თქვენ. გყავდათ გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც გაანთავისუფლეთ სტანდარტებისაგან , მისთვის არც სახე მიგიციათ, არც ორგანოები, არც სამოსი და არც სხვა ხილული რამ, ის უბრალოდ ჩრდილი იყო მკვეთრი შავი კონტურით. თქვენი ფანტაზიის ჩრდილი, ასე მიიჩნევდნენ თქვენი მშობლები , თუმცა მათ ძალიან უყვარდი , ვერ იჯერებდნენ , რომ მართლაც გყავდაც მეგობარი ჩრდილი. სამწუხაროა რომ იმ უბედურმა შემთხვევამ შეიწირა თქვენი მშობლებიც და ჩრდილიც. ჩრდილები მხოლოდ მაშინ ჩნდებიან როდესაც კითხულობ. – მთელი ამ დროის განმავლობაში ელონის გაკვირვებით, ოდნვი შიშით და მცირე ტკივილნარევი ნოსტალგიით გაჟღენთილი მზერა ხან გაუჩერებლად მოლაპარაკე, ბროწეულივით წითელ ტუჩებში ეძებდნენ ტყუილს, ხანაც წყნარი ოკეანესავით მშვიდ, მწვანე თვალებში, ხანაც კი უფრო ქვევით , ქალის ფეხებს ჩააყოლებდა ხოლმე თვალს. შემდეგ ფინჯანიდან პატარა ყლუპს მოსვამდა და ძიებას თავიდან იწყებდა.

–         მოკლეთ მისტერ ელონ , დროა დაგტოვოთ! – ელონი უეცრად აღელდა. სახეს უმრავი კითხვა უფატრავდა და გრძნობდა ევსებოდა ხორცი სულით, იზრდებოდა და სხეულის საზღვების გარღვევას ცდილობდა. ელონმა თვალები მაგრად დახუჭა და როგორც შეეძლო არაფერზე ფიქრობდა.  მოეშვა, სახეზე სიამოვნების წერტილები გაუმრავლდა და დაძაბულობაც ერთ წამში გაქრა , თვალები ნელა გაახილა. ქალი გამქრალიყო . ოთახი სასიამოვნო ჟრუანტელს მოეცვა და ნელ-ნელა გრძნობდა როგორ იდგამდა ფესვებს მის ნაოჭა რბილობებში. რამოდენიმე წუთში ელონი სრულმა ნეტარებამ მოიცვა, მის მშობლიურ გარემოში ჩინებულად გრძნობდა თავს. დალაგებულ ოთახს თვალი მოავლო, უცხო , ჯერ არ განცდილი სიმშივდე იგრძნო და წიგნებით სავსე კარადასთან გაჩნდა მაშინვე, ფინჯანი ჟოლოს ჩაით და უზღვავი ინტერესით.

***

     სავარძელში ჩაძინებულ ელონს , მზის ამოსვლისთანავე, კარს მიღმა გაგონილმა , რამოდენიმე მსუბუქმა ხმაურმა სიფხიზლე მოჰგვარა.ხელში დარჩნილი გადაშლილი წიგნი მაგიდაზე გადადო.   ჯერ კიდევ ძილბურანშეპარულმა აღმოაჩინა , რომ მხოლოდ ერთი სავარძეიღა იყო ოთახში დარჩენილი. კარისაკენ დაიძრა, ახალგაღვიძებულ , სიხარულშეპარულ თვალებს იფშვნეტდა, კარები ისე გამოაღო თითქოს მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა , ჯერ კიდევ ნამიანი ბალახის სურნელი თავს დაესხა რეცეპტორებს, სახლის გრძელი ჩრდილი ეზოს გადაჰფარებოდა , ყავისფერ დაბალ ღობეს , ოდნავ წამოწითლეობდა სახურავს აცილებული მზე. კარის ზღურბლთან კონვერტი იდო, რომელზეც გაკრული ხელით ეწერა „მისტერ ელონს“. ელონმა კონვერტი სასწრაფოდ აიღო, ეზოს თვალი მოავლო და მაშინვე სახში შებრუნდა.

თავი III

      „მისტერ ელონ თქვენ უკვე ბიბლიოთეკარი ხართ. სრულუფლებიანი ჩვენიანი. ბიბლიოთეკისაკენ მიმავალ გზას ჩვენი ჩრდილი გიჩვენებთ“.

ჩაცმული ელონი დაკეტილ კარს მიღმა იდგა და ქუჩას უცნაური ღიმილით გაჰყურებდა. რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ ის და მისი ჩრდილი , მზის თაღქვეშ აღმოჩნდნენ . ელონს გულს უკუმშავდა ახლადამოსული გრძნობის ემოცია. როგორც იქნა მის წინ გაწოლილ ჩრდილს დახედა.

–         დილა მშვიდობისა მისტერ ელონ. – არარეალურობისაგან გონის დაკარგვამდე აღელვებული ელონი, შეშლილი სახით დაჰყურებდა ჩრდილს. – ნუ ღელავთ მისტერ ელონ, გზას მე გიჩვენებთ.

–         გზას ? – გაქვავებული უსივრცო მზერით იკითხა ელონმა, შემდეგ თითქოს გამოფხიზლდაო და გარშემო მყოფი სივრცე დაზვერა.

–         დიახ გზას, ბიბლიოთეკაში მივდივართ.

–         აჰ რათქმაუნდა. – გაახსენდა ელონს და ჩუმად ჩაილაპარაკა თავისთვის.

–         ალბათ უამრავი კითხვა გაქვთ ?! – ელონი უკვე დაძრულიყო ბიბლიოთეკისაკენ და ჩაფიქრებული სახით შორეულ ჰორიზონტს , მზერამოუშორებლად უახლოვდებოდა. ამ შეკითხვაზე გაეღიმა, ჩრდილს დახედა და უთხრა.

–         თქვენ წარმოიდგინეთ მხოლოდ ერთი.

–         გისმენთ. – ჩრდილს სახე რომ ჰქონოდა ალბათ გაკვირვებას გამოსახავდა.

–         თქვენი სახელი ჯერაც არ გითქვამთ. – ელონმა გაიღიმა, საპასუხოდ ოდნავ გასაგონი აცინება მიიღო და პასუხმაც არ დააყოვნა.

–         კივული მისტერ ელონ.

–         კივული . – გაიმეორა ელონმა. -საინტერესო სახელია. – ელონი ისევ ჩაფიქრდა.

–         კიდევ ერთი კითხვა მაქვს შენთან კივულ.

–         რაც გენებოთ მისტერ ელონ.

–         შენ ხარ ჩემი ჩრდილი, – ელონმა თავი დახარა და ჩრდილს დახედა – თუ მე ვარ შენი განსხეულება ?

–         ჩვენთან მისტერ ელონ, – ხანმოკლე პაუზის შემდეგ დაიწყო კივულმა პასუხის გაცემა. – საკუთრებები არ არსებობს. თქვენ ადამიანი ხართ, მე ჩრდილი. თუმცა ოდესღაც მეც ვიყავი ადამიანი და მახსოვს როგორები არიან ისინი,  მაშინაც უცნაურებად მიმაჩნდით და დღესაც ასევე ვფიქრობ. ასეთი პატარა სამყაროს იდეალური მოდელი. თქვენ ერთმანეთს არ ჰგავხართ  და მაინც ერთნაირები ხართ. თქვენ გესმით ერთმანეთის ენა მაგრამ ომებს ვერ არიდებთ თავს. თქვენ ეძებთ ჭეშმარიტებას  და სიკვდილივით გეშინიათ მისი , თავად დააწესეთ უამრავი კანონი და ახლა თავს იწონებთ იმით თუ როგორ არღვევთ მათ. თქვენ გააღმეთეთ თქვენი სული და თავად ღმერთი მოკალით, ერთი სიტყვით ის რაც თქვენც კარგად მოგეხსეებათ და ერთ-ერთი მრავალთა შორის რაზე , მხოლოდ ლაპარაკს ბედავს უბრალო ადამიანი. თქვენს სამყაროში მისტერ ელონ ყველა თანასწორი იბადება , შემდეგ კი აღარავინაა თანასწორი მისტერ ელონ, ამიტომ მე შემიძლია ვიყო თქვენი ჩრდილი , თქვენ თუ შეგიძლიათ იყოთ ჩემი განსხეულება ? – ელონი ჩაფიქრებული დასჩერებოდა მის ჩრდილს და მსგავსებასთან ერთად დიდ განსხვავებასაც ხედავდა.

–         მეკითხებით შემიძლია თუ არა ? – რამოდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ, შედარებებით გახარებულმა ელონმა მხიარულად წამოიძახა: – ვფიქრობ შევძლებ ! – ელონს მოეჩვენა , რომ დამაჯერებლობას და ფიქრს მოკლებული პასუხი , თავად ელონსაც ეუხეშა, მაგრამ აღარაფერი უკითხავს.

–         ძალიან კარგი მისტერ ელონ.

ელონი მხიარულად მიაბიჯებდა ქუჩაში , დროდადრო ხმამაღლა გაიცინებდა და ინტერესით შეათვალიერებდა წყნარ ქუჩებს.

მაღალი , მწვანეთიმოსილი გალავნის გვერდზე უზარმაზარი მწვანე ჩრდილი გაწოლილიყო. უხმაუროდ გაიარეს ჩრდილდაკრული ტროტუარი და ისევ მზეში შეაბიჯეს.

–         აი ბიბლიოთეკაც. – ელონი დამუნჯებული შეჰყურებდა, პართენონის ტაძარივით მედიდურ, დორიული ორდერებით გამაგრებულ ფრონტონს რომელზეც ეწერა „ბიბლიოთეკა“ და გზას ახალფეხადგმულივით ნელნელა მიიკვლევდა ბიბლიოთეკისაკენ.

ერთ ნებიჯს მეორე მოჰყვა, შემდეგ მოჩუქურთმებულ მუხის ხის კარებთან აღმოჩნდა. ჯიბეში გასაღები მოიჩხრიკა და სუნთქვა შეკრულმა გადაატრიალა საკეტი, რკინის სახელურის სიცივემ ტანში დაუარა და დახუჭულ თვალებზე იგრძნო როგორ გამოენთო ძველი ჰაერი შეღებული კარიდან. მძიმედ და ჭრიალით გაიღო ყურთამდე კარი. იმდენად ბნელოდა, რომ თავისუფლად ვერ გაარჩევდა საგნებს, თაკარა მზიდან შემოსული კაცი, უზარმაზარი თაროების კონტურები ნათლად დაიხატა, როდესაც თავადაც სიბნელეში შეაბიჯა . ჩამრთველამდე მისასვლელად მთელი ძალისხმევა დასჭირდა , როგორც იქნა სინათლის უზარმაზარი ბროლის წყაროები აზუზუნდა და იქმნა ნათელი.

თავი IV

       ელონი , ლაკმუსში ჩაწვეთებული H2 SO4ის ფერ ღრუბლებს შესცქეროდა თავში ყველა ჩიხი, გზატკეცილი, საჰაერო სივრცე და სანაოსნო ზონა პეგასებივით მონავარდე აზრებით გადაჭდვოდა. ვარაუდები გაჩერებებზე იცდიდნენ. აზრები საქმიანად დაფუსფუსებდნენ. მზეს ამოსვლა გადაეწყვიტა და ელონი , მარტო დასარჩენად, არც დღეს იყო განწირული, თუმცა კივულისათვის არც კი დაუხედავ, მისი მზერა ისევ ღრუბლებს ეკუთვნოდა.

–         მეტა ქიმია კივულ. – ღიმილნარევი აღმოჩენის ტონით წარმოთქვამდა ამ სიტყვებს ელონი. კივული გაიღიმებდა , ისევე როგორც ორი ათეული წლის განმავლობაში ეღიმებოდა ამ ფრაზის გაგონებისას.

ელონი ესევ ჰორიზონტზე გადაკრულ, დიდი აფეთქებისფერ ღრუბლებს გაჰყურებდა  და ბიბლიოთეკაში წასასვლელად ემზადებოდა. გზა ცარიელი ჩანდა , ელონიც თავაწუევლად დაადგებოდა ხოლმე ამ გზას, გასცდებოდა რეაქტიული მანქანებისათვის , სამშენებლო ხარაჩოებში გახლართულ ხიდს, გაივლიდა ნახევარი ქალაქის თბილ ტროტუარებს, მწვანეთიმოსილ მაღალ გალავანს და ბიბლიოთეკაში მთელი მისი მოუთმენელი სიხარულით და აღტცებით, ყოველ დილით ისე შეაღებდა კარს თითქოს ამას პირველად აკეთებდა . თუმცა დღეს ეს პატივი სხვას უნდა რგებოდა წილად. მას ვისაც უნდა შეეცვალა მთელი მსოფლიოს წიგნების ბედი.

–         ტელევიზორი ხომ არ მეყიდა ? – ჰკითხა ელონმა, ოდნავ, თითქმის შეუმჩნეველი ნოსტალგიანარევიტონით და შემპარავი მზერით კივულს.

–         შესანიშნავი აზრია. მტერს თუ არ იცნობ , ვერც დაამარცხებ მას. – ელონს გაეღიმა. კივული როგორც ყოველთვის ჭეშმარიტებას წარმოთქვამდა, თუმცა მას არც პირი ჰქონდა , არც ხელ-ფეხი და არც სხვა ორგანულ ქიმიური ქსოვილი, რომლებიც ადამიანს გასამართლებელ , შესანიშნავ, უღალატო საბუთად უქცევია, საღმრთო სასამართლოს წინაშე. მხოლოდ ავტორმა თუ იცის კივული რას ფიქრობდა სინამდვილეში. ყველანი დიდი და საკმაოდ დაბინძურებული პოლიტიკის ჭანჭიკები ვართ. იმ ერთადერთი პოლიტიკისა , რომელსაც თავად ვქმნით და შემდეგ ვეღარ ვარკვევთ მართალ მტყუანს, ამ ძირძველი ადათის ადამიანურობით გათელილ ღვთიურ ტრადიციას, რომელიც ნეიტრალიტეტს გამორიცხავს, ჩრდილების მხრიდანაც კი. საშინელებაა, როდესაც ნების თავისუფლებასაც კი ვიღაც გიკონტროლებს.

თავი V

     გაი ეზოს წინ , გზის პირას ჩამომჯდარიყო. დროდადრო იყურებოდა იმ მხარეს საიდანაც ელონი უნდა გამოჩენილიყო. სათამაშო სახანძრო მანქანა, დილის მზის სხივებისაგან ნარინჯისფერდაკრულ გაზონზე, სხვა სათამაშოებთან ერთად დაეტოვებინა.

ელონი თვითკმაყოფილი ღიმილით მოაბიჯებდა . გაის როცა მიუახლოვდა , მიესალმა გაუღიმა და სკოლის ამბები მოკლედ გამოჰკითხა, შემდეგ კი ორივენი ბიბლიოთეკისაკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

ელონმა და გაიმ მთელი დღე ბიბლიოთეკაში გაატარეს. გაი აფორიაქებული უსმენდა ელონს. ყველა წიგს ხელით სინჯავდა , ფურცლავდა და მისი სურნელით ნეტარებასხმული შემდეგ წიგნზე გადადიოდა. ელონიც დაუღალავად , მხიარულად და მთელი დამაჯერებლობით აცნობდა თითოეულ ბიბლიოთეკის ბინადარს, თითო სამყაროს მოწიწებით გადაუშლიდა და გაისაც სული და გონება საოცარი ქიმიით ეჟღინთებოდა. გაფართოებული გუგებით და აჩქარებული მაჯისცემით მოიარეს ანტიკური ეპოქის სექცია. ელონი სხვადასხვა მხრიდან უხატავდა ამ უძველეს, ახალ თუ უახლეს ფურცლების ქანდაკებებს.

დღის ბოლოს ემოციებით სავსე გაი და ელონი ბიბლიოთეკის გამოსასვლელში იდგნენ და ღრუბლების ნაგლეჯებით დაცხრილულ, ლურჯ ცას აჰყურებდნენ. ორივენი დუმდნენ, ბოლოს ისევ ბუნებამ ამოიღო ხმა, ფოთლები მსუბუქმა , თბილმა ნიავმა ააშრიალა, მწვანეთიმოსილ გალავანსაც ჩამოუქროლა და მარიონეტებივით ააცეკვა, მწვანე წვენით სავსე ახლაგზარდა ფოთლები.

მთელი გზა ასე ჩუმად გაიარეს, თუმცა კმაყოფილებით აღსავსე მზერა ჰქონდა ორივეს, თითქოს უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის ფიქრები და სახეზე ღიმილი იმიტომ დასთამაშებდათ , რომ ორივე ერთსა და იმავეს ფიქრობდნენ.

სახლის დიდი ჩრდილი გვერდზე გადახრილიყო. ეზოში ისევ ისე მიმოფანტულიყო სათამაშოები. ნარინჯისფერი სახანძრო მანქანაც თავის უწინდელ ადგილას იდო. მზე ღრუბლებს შორის მიიკვლევდა გზას ჰორიზონტისაკენ.

ელონმა და გაიმ , ზაფხულის ცხელი დღეები ბიბლიოთეკის გრილ კედლებში გაატარეს, სასაუბრო ყოველთვის ჰქონდათ , სახლში დაბრუნებისას კი ორივენი ჩუმად მოაბიჯებდნენ , მოკლედ დაემშიდობებოდნენ ერთმანეთს და მთელი დღის დაგროვილ ემოციებს ალაგებდნენ, ასუფთავებდნენ და მეორე დღისთვის ამზადებნენ.

ზაფხული ნელნელა იწურებოდა , ელონი და გაიც ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ და ერთი მეორის მიყოლებით გადიოდნენ : რომს, საბერძნეთს, ინდოეთს , ჩინეთს და ეგზოტიკურ მოგზაურობებში უამრავ სიახლეს იგებდნენ, უამრავ ხასიათს ითვისებდნენ, სწავლობდნენ და თავდაგადასავლებით დაღლილები ბიბლიოთეკის კაფეში ჟოლოს ჩაის შეექცეოდნენ.

ელონს სავარძელში ეძინა. ბრენდის თავმოხდილი ბოთლიც იქვე იდგა. ზაფხულის ბოლო დღის მცხუნვარებადაკარგული მზეც ნელნელა ეფინებოდა ქვეყნიერებას და მარტოხელა ბიბლიოთეკარიც უკვე კარისაკენ მიდიოდა ნელი ნაბიჯებით.

ხიდის მშენებლობა დაესრულებინათ და რეაქტიული მანქნაებიც მთელი სიჩქარით დაქროდნენ , ელონს მხოლოდ მათი კრაზანასავით ზუზუნი მოესმოდა ხოლმე.

გაი ჩვეულებისამებრ ელოდებოდა სახლის წინ ელონს. ამ დღემაც ჩვეულებრივ ჩაიარა, უკანაც ჩვეულებრივი დუმილით დაბრუნდნენ. მხოლოდ დამშვიდობება მოეჩვენა ელონს უცნაური.ჩვეულებრივ ელონი სახლის წინ იდგა და უყურებდა როგორ უჩინარდებოდა პატარა გაი კარის ზღურბლს მიღმა, ახლა კი გაის სულაც არ ეჩქარებოდა სახლში. ერთ ხანს ზურგით იდგა, ელონიც გაკვირვებული ჩაჰყურებდა ბიჭუნას, მისი ზურგი არაფერს მეტყველებდა. ბოლოს მოტრიალდა . ელონს თვალი თვალში გაუყარა და ღიმილით უთხრა : – მისტერ ელონ შეიძლება გიყუროთ  როგორ მიდიხართ  ?! – ელონს თითქოს გულზე მოეშვა, მაგრამ სახე მაინც ნაძალადევმა ღიმილმა დაუსერა და თანხმობის ნიშნად მსუბუქად დაუქნია თავი.

–         ნახვამდის.

–         კარგად იყავით მისტერ ელონ.

ელონი მიდიოდა და უხერხულობის ჭია კისრის შვიდივე მალას უღრღნიდა, უნდოდა უკან მიეხედა, მაგრამ ვერ გაებედა. კივუიც არსად ჩანდა. ნახევარი გზა გაიარა და იმ შესახვევს მიუახლოვდა საიდანაც გაი ვეღარ დაინახავდა . სუნთქვა შეეკრა . ნაბიჯები შეანელა და ერთ ფეხზე მსუბუქად , თუმცა ძალიან დაძაბული იყო, შესახვევში გაუჩინარებამდე, ცალი თვალი ქუჩისაკენ გააპარა და გაის მომღიმარ , მშვიდ სახეს მოჰკრა თვალი რომლის წინაც უზარმაზარი ჩრდილი იყო გაწოლილი.

„ახლა ალბათ შუა ეზოშია, მის სათამაშოებს ათვალიერებს. ახლა სახანძრო მანქანას წამოავლო ხელი და სახლამდე დარჩენილი ნახევარი ეზო მასთან ერთად გადაიარა. პირველ ორ კიბეზე ერთროულად ახლტა და დანარჩენებიც აირბინა, საქანელას ხელი ჰკრა, გააცოხლა და სანამ გაჩერდება კარებსაც გააღებს“ – ფიქრობდა ელონი  და კივულს ეძახდა საკუთარ თავში.

სახლის გზა უსასრულოდ გაიწელა. რაღაც ძალა, რომელსაც უსახელობა ხვდა წილად, უკან ექაჩებოდა . როგორც იქნა სახლიც გამოჩნდა , ჩამავალი მზის სხივები წითლად ღებავდა მის გალაკულ ,აბანოზის კედლებს. ფანჯრები და ჭერი თითქოს ცეცხლის უზარმაზარი მასის შეჯახებას ელოდნენ. ელონი არ შეჩერებულა . ეზოს მიუახლოვდა და მზერა მისი სახლის სისხლისფრად შეღებილმა კარმა წაართვა. თითქოს სადღაც, სხვა სამყაროში ენახა ეს კარები, მაგრამ იმდენად დიდი დრო გასულიყო , რომ ვეღარ იხსენებდა სად ?!

ელონი უკვე კიბეებთან იდგა. ნერვები ისე დაჭიმვოდა სხეულში, თითებს ძლივს ამოძრავებდა, რომლებიც კარის სახელურისაკენ მიიწევდნენ ინსტიქტურად. ელონს უნდოდა რაიმე გაეხსენებინა , სანამ მისი ხელი კარის სახელურს ჩამოწევდა, მაგრამ მისი ყოველი დღე ერთნაირი მოეჩვენა. ბოლოს პატარა გაი გაახსენდა  და ხელი მის ნებაზე მიუშვა. სახეზე დაძაბულობა გაუქრა, თითქოს წინასწარ წარმოიდგინა და შეეგუა მის ყველა უბედურებას. ხელს სახელურამდე უკვე მიეღწია და საკეტს ჭრიალით ექაჩებოდა ზემოთ, ის – ის იყო შეაღებდა კიდეც ამ უჩვეულო და კარგად ნაცნობ პორტალს, რომ ელონს კივულის ხმა შემოესმა : „ სხვა სამყაროში შევხვდებით მისტერ ელონ“. კარი გაიღო და ნაბიჯის გადაუდგმელად , თეთრად განათებულ დერეფანში აღმოჩნდა, მთელი ეს უსივრცობა, რაბლესდროინდელი , ობშეპარული ლორის სუნით გაჟღენთილიყო.  ტანში მომავალმა გააჟრჟოლა ყოფილ ბიბლიოთეკარს.

დერეფნის კედლებზე თითებს ათამაშებდა და იმ გზას მიუყვებოდა უკან, რომელიც ორი ათეული წლის წინ გამოიარა მაღალ ქუსლებზე ამხედრებულ ქალბატონთან ერთად. მისაღებ ფოიეში კვლავინდებურად სიჩუმე დედოფლობდა. კართან უნიფორმიანი კონსიაჟი იცდიდა.  ერთმანეთზე გადაწყობილი ხელები წინ დაელაგებინა მუცელზე , სახე ღიმილით გაცისკროვნებოდა და მისკენ მიმავალ ელონ სპირს თვალს არ აშორებდა. ელონის მძიმე ნაბიჯების ხმა მთელ დერეფანში ისმოდა. ის აუღელვებლად მიიწევდა კარებისაკენ. მოკლედ შეკრეჭილ წვერს თეთრი დაჰკრავდა, სახეზე კი სიბერის ფერი დასდებოდა. მისი ღიმილი არსად ჩანდა, არც ენერგია. უცებ კივულის სიტყვები გაახსენდა : „ოდესღაც მეც ადამინი ვიყავი“. ამ სიტყვებზე გაეღიმა, თითქოს მხოლოდ ახლა მიხვდა როგორი უნდა იყოს ადამიანი სინამდვილეში და გულში მწუხარებანარევი სიამაყე იგრძნო. სახეზეც მეტი ბედნიერება გამოუკრთა, ეცადა წელშიც გამართულიყო , მაგრამ მიხვდა შეუძლებელს არ უნდა შესჭიდებოდა და ენერგიული ნაბიჯებით გზის გაგრძელებას დასჯერდა.

კონსიაჟის სახე ვერ გაარჩია ელონმა, შუშის კარიდან შემოსული სინათლე თვალს ჭრიდა , მაგრამ მისი სხეულის კონტურები რაღაც ძალიან ძველს ახსენებდა , რაღაცას რაც ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა.

–         დილა მშვიდობისა მისტერ ელონ. – კონსიაჟის ხმა , სითბოს ჟრუანტელად დაეფინა ელონის სულს. არარეალურობისაგან გონის დაკარგვამდე გახარებული , კონსიაჟის ჩრდილს დასჩერებოდა. – ნუ ღელავთ მისტერ ელონ გზას მე გიჩვენებთ.

–         გზას ?!

–         დიახ გზას, მანამდე კი ეს კონვერტი გახსენით. – უთხრა კონსიაჟმა და უნიფორმის ჯიბიდან , კონვერტი ამოაძვრინა, რომელზეც გაკრული ხელით ეწერა „ მისტერ ელონს“. დაწებებული მხარე ზოლზე მოიხია ელონმა, ფურცელი ამოიღო და უემოციოდ გაშალა. შავი მელნით ფურცელზე ეწერა ორიოდ სიტყვა, რომლებმაც ელონის სახეს ძველებური ღიმილი დაუბრუნდა.

–         შეგვიძლია წავიდეთ . – უთხრა ელონმა კონსიაჟს და დაკეცილი წერილი კოსტუმის ჯიბეში ჩაიცურა. კონსიაჟმა კარები გაუღო მოხუც ელონს . მანაც თავი დაუკრა მადლობის ნიშნად და გულიანად გაუღიმა.

–         თქვენი სახელი ჯერაც არ გითქვამთ მეგობარო . – უთხრა ელონმა კონსიაჟს სიცილით.

კონსიაჟმაც გაიცინა და , ორივენი დახურულკარსიქითა სამყაროში გაუჩინარდნენ.

 

 

Image